სიახლეები

16.01.2023

ციფრული მმართველობის სააგენტოს ესტონეთის დელეგაცია სტუმრობდა

ციფრული მმართველობის სააგენტომ ესტონეთის დელეგაციას კიბერუსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები და გეგმები გააცნო
ციფრული მმართველობის სააგენტოს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სტუმრობდა. ვიზიტის ძირითად მიზანს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (Substantial NATO-Georgia Package -SNGP) ფარგლებში კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, SNGP Cyber Initiative საკითხების განხილვა და დაგეგმილი ღონისძიებების გაცნობა წარმოადგენდა.
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (Substantial NATO-Georgia Package - SNGP) საქართველომ 2014 წელს ნატო-ს უელსის სამიტზე თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების აღმშენებლობის (Defence and Related Security Capacity Building Initiative - DCB) ინიციატივის ფარგლებში მიიღო. პაკეტი ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, მდგრადობის გაძლიერებას, ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მზადების პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
სამუშაო შეხვედრა კიბერთავდაცვის ინიციატივის ფარგლებში გაიმართა. ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუმრებს ის მიღწევები და შედეგები გააცნეს, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულების გზაზე განხორციელდა. ისაუბრეს ნატო-საქართველოს ურთიერთობების სამოქმედო გეგმაზე, რომლის ფარგლებში საქართველოს აქვს რიგი ვალდებულებები შესასრულებელი. მათ შორის, კიბერ სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, შესაძლებლობების განვითარება, ინსტიტუციური გაძლიერება და ნატოსთან თავსებადობის ამაღლება. სტუმრები ამ ვალდებულებების ფარგლებში ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ შესრულებულ სამუშაოსა და გეგმებს გაეცნენ.