სიახლეები
ციფრული მმართველობის სააგენტომ 4 წლის განმავლობაში ათეულობით ახალი პროდუქტი და ინოვაციური სერვისი შექმნა
2024 წლის 10 ივლისს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს შექმნიდან ოთხი წელი გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში სააგენტომ შექმნა ახალი და განავითარა არსებული პროდუქტები; დაიწერა სააგენტოს მანდატის ფარგლებში არსებული სფეროების განვითარების სტრატეგიები და განხორციელდა ცნობიერების ამაღლების კამპანიები.
დასრულდა მუშაობა ციფრული მმართველობის 2024-2029 წლების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე. დოკუმენტი აყალიბებს ქვეყნის საჯარო მმართველობის პირობებში ციფრული მმართველობის განვითარების ხედვას და განსაზღვრავს მის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავების გზებს.
ოთხი წლის განმავლობაში სააგენტოს პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ შეიქმნა ან განახლდა ათეულობით ელექტრონული სისტემა და პროდუქტი. მათ შორის:
საქართველოს გენერალური პროკურატურის სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა; იუსტიციის სახლის სერვისების მართვის ერთიანი სისტემა (PDCEMS); პოლიტიკის შემუშავებისა და კოორდინაციის მართვის ელექტრონული სისტემა; საქართველო - ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელებისა და დაგეგმვის მონიტორინგის ელექტრონული სისტემა; უძრავი ქონების მიკრო სერვისებად დაშლა IPRS; ინდივიდუალური აქტების რეესტრი; კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიების დაგეგმვისა და მართვის ელექტრონული სისტემა; სწავლებისა და ტესტირების ელექტრონული სისტემა იუსტიციის სასწავლო ცენტრისთვის; მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა აღრიცხვის სისტემა (OIS); ჯავშნების სისტემა სახელმწიფო უწყებებისთვის და სხვა.
აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა და უკვე სატესტო რეჟიმში გაშვებულია ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის - my.gov.ge მობილური აპლიკაცია. მიმდინარეობს პორტალზე ინტეგრირებული სერვისების მობილურ აპლიკაციაში ინტეგრირება. ამ ეტაპისთვის, სერვისების ერთიან პორტალზე 400-მდე სერვისია ხელმისაწვდომი. My.gov.ge-ზე რეგისტრირებულია 370 000 ფიზიკური და 220 000 იურიდიული პირი. პორტალზე დღეში, საშუალოდ, 50 000-მდე ტრანზაქცია ხორციელდება.
განახლდა ელექტრონული სასწავლო კურსი learning.gov.ge. პლატფორმაზე ამჟამად განთავსებულია კიბერუსაფრთხოების სამი კურსი, რომელიც უფასოდ არის ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისთვის.
მიმდინარეობს სააგენტოს ქსელური ინფრასტრუქტურის მუდმივი ოპტიმიზაცია და მისი ოპერირებისთვის საჭირო ყოველდღიური მონიტორინგი:
დაინერგა ინციდენტებისა და მოთხოვნების მართვის სისტემა, რომლის საშუალებით მოხდება ყველა მოთხოვნისა თუ ინციდენტის დაფიქსირება ერთიანი ფანჯრის პრინციპით, რაც შეამცირებს ინციდენტების მოგვარების დროს;
სერვერულ ინფრასტრუქტურაში განხორციელდა თანამედროვე ჰიპერკონვერგენტული სისტემის და სანახი სისტემის მოცულობის გაზრდა, რაც მოგვცემს საშუალებას ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობა და საიმედოობა ავამაღლოთ.
დასრულდა მონაცემების მიგრაცია ძველი სანახი სისტემიდან ახალ ობიექტურ მონაცემთა სანახ სისტემაზე, რითაც გაიზარდა მონაცემების მთლიანობის და ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი.
დაინერგა ცენტრალიზებული სარეზერვო ასლების სისტემა. არსებული სისტემის დახმარებით შესაძლებელი იქნება ყველა ინფრასტრუქტურული კომპონენტიდან სარეზერვო ასლების შენახვა.
დაინერგა უსაფრთხოების ინციდენტების და მოვლენების მართვის სისტემა, რომელშიც თავს იყრის ყველა კრიტიკული მოწყობილობიდან და პროგრამული უზრუნველყოფიდან მონაცემები. არსებული სისტემის დახმარებით შესაძლებელია უსაფრთხოების რისკების შემცირება და კრიტიკული სისტემების ოპტიმიზაცია, ხელმისაწვდომობისა და საიმედოობის გასაზრდელად.
დაფუძნდა კიბერუსაფრთხოების საჯარო-კერძო პარტნიორობის პლატფორმა, რომელიც კიბერუსაფრთხოების სფეროში, თანამშრომლობითი მექანიზმების განვითარებას და საჯარო-კერძო პარტნიორობის ინსტიტუციონალიზაციას ემსახურება.
აქტიურად მიმდინარეობს საზოგადოებაში კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების ფართომასშტაბიანი კამპანია, რომლის ფარგლებში მომზადდა ათეულობით ტელე და რადიო გადაცემა, შეიქმნა საინფორმაციო გრაფიკული და ვიდეო რგოლები, ქვეყნის მასშტაბით განთავსდა საინფორმაციო ბანერები და აქტიურად გრძელდება საინფორმაციო კამპანია სოციალური არხების მეშვეობით.
კიბერუსაფრთხოების ეროვნული ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 44-დან 22-ე ადგილზე, ხოლო ევროპაში 33-დან მე-16 პოზიციაზე დაწინაურდა. კვლევა 48 ქვეყანაში ჩატარდა და მონაცემები NCIS -მ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინდიკატორის შესწავლის შემდეგ გამოაქვეყნა. საქართველომ უმაღლესი 100%-იანი შეფასება დაიმსახურა კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის, პირადი მონაცემების დაცულობისა და კიბერ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
სააგენტო თავისი ყოველდღიური საქმიანობით და კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულებით, ხელს უწყობს ქვეყანაში ელექტრონული მმართველობის დანერგვასა და გაძლიერებას.
ციფრული მმართველობის სააგენტო ულოცავს ყველა თანამშრომელს სააგენტოს დაარსების დღეს და მადლობას უხდის ქვეყნის ციფრულ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.