სიახლეები
ციფრული მმართველობის სააგენტო უფასო კიბერკლასს იწყებს
ციფრული მმართველობის სააგენტო კომპანია გრინნეტთან თანამშრომლობით აცხადებს კიბერ-კლასში მიღებას.
კიბერ-კლასში სწავლა დაიწყება 15 სექტემბერს და გაგრძელდება 2 თვის მანძილზე. კურსის მონაწილეებს კვირაში ორჯერ 2-2 საათის განმავლობაში ციფრული მმართველობის სააგენტოსა და კომპანია გრინნეტის ტრენერების მიერ ჩაუტარდებათ ლექციები და პრაქტიკული სავარჯიშოები, მიეწოდებათ კიბერუსაფრთხოების კონკრეტული თემის შესახებ ძირითადი ინფორმაცია და გადაეცემათ სასწავლო რესურსები და დავალებები.
ვისთვის არის განკუთვნილი კურსი: ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რომელსაც სურს შეიძინოს ან გაიღრმავოს ცოდნა და უნარები კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
კურსზე ჩარიცხვის წინაპირობებია: ზოგადი გამოცდილება, ცოდნა და უნარები ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. ასევე, ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე.
სასურველია, კანდიდატებს ჰქონდეთ შემდეგი ცოდნა და უნარები:
• Windows / Linux ოპერაციული სისტემების ადმინისტრირების საფუძვლების ცოდნა
• კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირების საფუძვლების ცოდნა
• პროგრამირების საფუძვლების ცოდნა
• ინფორმაციული უსაფრთხოების საფუძვლების ცოდნა
კიბერ-კლასის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან შემდეგ ძირითად საკითხებს:
• შესავალი კიბერუსაფრთხოებაში;
• ქსელის, პროგრამირების, ლინუქსის და სკრიპტინგის საფუძვლები;
• კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები და სტანდარტები;
• Endpoint, IDS/IPS, WAF, SIEM გადაწყვეტილებებთან მუშაობა, ანალიზი და მონიტორინგის საფუძვლები;
• პენტესტის საფუძვლები
• ინციდენტზე რეაგირება და ანალიზი;
• მავნე კოდის ანალიზი;
• სისუსტეების, საფრთხეების კვლევა, ანალიზი და რეაგირება;
• კიბერშეტევები და სოციალური ინჟინერია
კიბერ-კლასში სწავლა უფასოა.
კიბერ-კლასის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ჩაუტარდებათ თეორიული და პრაქტიკული გამოცდა.
კურსის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.
გამოცდის შედეგების მიხედვით საუკეთესო შედეგების მქონე კურსდამთავრებულებს ექნებათ სტაჟირების შესაძლებლობა ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტში და აგრეთვე კომპანია გრინნეტში.
კურსში მონაწილეობის მსურველებმა 10 სექტემბრამდე უნდა გამოაგზავნონ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე - cert@dga.gov.ge