სიახლეები

23.05.2024

ლატვიის ელჩი ციფრული განვითარების კუთხით განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო

საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა, ედიტე მედნესმა და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით ნადირაშვილმა ციფრული ტრანსფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებებით თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკები განიხილეს. ისაუბრეს იმ საერთო გამოწვევებზე, რომელიც კავკასიისა და ბალტიისპირეთის რეგიონებს აქვთ.

ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა ლატვიის ელჩს მიაწოდეს ინფორმაცია სააგენტოს მიერ განხორციელებულ წარმატებულ პროექტებსა და რეფორმებზე. მათ შორის, საზოგადოებაში კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიების, სასწავლო ინიციატივების, მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებებისა და გამოწვევების შესახებ, რომლებიც თან ახლავს ახალი ტექნოლოგიების იმპლემენტაციის პროცესს.

სააგენტოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ლატვიის ოფიციალურ უწყებებთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე. თავის მხრივ, ელჩმა, ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ლატვიის შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობის მზაობა გამოთქვა.

ციფრული მმართველობის სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ბალტიისპირეთისა და ჩრდილოეთ ევროპის რეგიონის ქვეყნებთან, რაც ხელს უწყობს საქართველოსა და ევროკავშირის ციფრული არქიტექტურის თავსებადობას.