სიახლეები

21.06.2022

ციფრული მმართველობის გაძლიერებაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობასა და შესაძლებლობათა გაძლიერებაზე ისაუბრეს დღეს ციფრული მმართველობის სააგენტოში მიმდინარე საერთაშორისო შეხვედრაზე.
კორეის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის ციფრული მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს ციფრული განვითარების სტრატეგიასა და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ.
სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუმრებს საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით განხორციელებული მნიშნელოვანი რეფორმები და დანერგილი სერვისების შესახებ ინფორმაცია წარუდგინეს. მათ შორის:
ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი - my.gov.ge სადაც მომხარებელს 700-ზე მეტი სახელმწიფო სერვისის ელექტრონულად მიღება შეუძლია.
მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემა G3, რომლის მეშვეობით ინფორმაციის გაცვლა სხვადასხვა ორგანიზაციას შორის ხორციელდება. მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს სისტემების სანქცირებულ ხელმისაწვდომობას, დაცულობასა და ურთიერთთავსებადობას. ციფრული მმართველობის სააგენტო მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემების სტანდარტს ადგენს.
ურთიერთთავსებადობის ჩარჩო, რაც გულისხმობს სხვადასხვა ორგანიზიციის კავშირის შესაძლებლობას ურთიერთსასარგებლო და წინასწარ განსაზღვრული საერთო მიზნების მისაღწევად. სტრატეგია მოიცავს ცოდნისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლას ორგანიზაციებს შორის ბიზნეს პროცესების მხარდაჭერითა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
ციფრული მმართველობის სააგენტოში შეხვედრა საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც UNDP-ის, კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს, ეროვნული ინფორმაციული საზოგადოებისეროვნული სააგენტოს (National Information Society Agency), ასტანის სამოქალაქო სერვისების ჰაბის, მსოფლიო ბანკის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს ერთობლივი ჩართულობით მიმდინარეობს.