სიახლეები

03.07.2024

ციფრული მმართველობის სააგენტოსა და აზერბაიჯანის ელექტრონული უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობა ღრმავდება

ქართულ და აზერბაიჯანულ უწყებებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთ საკითხებში, როგორიცაა ციფრული მმართველობისა და ცალკეული ელექტრონული სერვისების შესახებ გამოცდილების გაზიარება, ინფორმაციის გაცვლა კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროებში არსებული გამოწვევების შესახებ; თანამშრომლობა ერთიანი სტანდარტების შემუშავებისა და პროექტების განხორციელების საკითხებში და სხვა.
უწყების ხელმძღვანელების განცხადებით, მემორანდუმი გახდება სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების საყრდენი დოკუმენტი და კომუნიკაციის შემდგომი გააქტიურების მთავარი წინაპირობა.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ერეკლე ღვინიანიძე. მისი განცხადებით, სტრატეგიულ პარტნიორთან და ახლო მეზობელთან, აზერბაიჯანთან, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება ხელს შეუწყობს ინოვაციური პროექტების ერთობლივ დაგეგმვასა და თანამედროვე გამოწვევების ერთიანი ძალისხმევით გამკლავებას.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით ნადირაშვილმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, სამირ რასულოვმა.