სიახლეები

26.10.2022

საჯარო და კერძო სექტორს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა გაძლიერდება

ციფრული მმართველობის სააგენტოს ინიციატივით, კიბერუსაფრთხოების სფეროში საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა განვითარების ახალ ეტაპზე გადავა. თანამშრომლობის მიზანია, ხელი შეუწყოს კიბერუსაფრთხოების სფეროში პასუხისმგებელ უწყებებსა და კერძო სექტორს შორის კოორდინირებულ თანამშრომლობას.
საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მექანიზმების განვითარების მიზნით ორდღიანი საპილოტე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაში სახელმწიფო, საბანკო და ენერგო უწყებების ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხების მიმართულების სპეციალისტები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე კიბერუსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა განიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო გზებზე იმსჯელეს.
„საერთო საკომუნიკაციო პლატფორმების განვითარება მნიშვნელოვანია მოსალოდნელი კიბერსაფრთხეების თავიდან აცილების მიზნით. საჯარო და კერძო სექტორებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაზეა დამოკიდებული მდგრადი და უსაფრთხო კიბერსისტემის შექმნა საქართველოში. მნიშვნელობა აქვს ახალი სანდო პროდუქტების, ინოვაციური მიდგომების, ახალი სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას“ - განაცხადეს შეხვედრაზე ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა.
სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სპეციალისტები ავსტრიიდან, ლიეტუვადან და დიდი ბრიტანეთიდან. მათ ქართველ კოლეგებს საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერების კუთხით საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს.
საპილოტე შეხვედრები ევროკავშირის დაძმობილების პროექტის მხარდაჭერით განხორციელდა. მომავალი წლის გაზაფხულზე კი ფართომასშტაბიანი ფორუმი დაიგეგმა.