სიახლეები

13.10.2023

კიბერუსაფრთხოების სამიტზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს

უზბეკეთის კიბერუსაფრთხოების ცენტრის ორგანიზებით გამართულ კიბერუსაფრთხოების სამიტზე ,,ცენტრალური ევრაზია 2023“ სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა კიბერუსაფრთხოების სფეროში ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის აუცილებლობას, განსაკუთრებით კი დღევანდელ მსოფლიოში არსებულ ისეთ გარემოში, სადაც კიბერ შეტევები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის გლობალურ საზოგადოებასა და ეკონომიკას.
ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს პანელურ დისკუსიებში, რომელიც კიბერუსაფრთხოების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას ეძღვნებოდა. სამიტის მონაწილეები გაეცნენ საქართველოს რიგით მე-3, კიბერუსაფრთხოების 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგიის მიზნებსა და ამოცანებს, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შედეგებს.
კიბერუსაფრთხოების სამიტი ქალაქ ტაშკენტში გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ამ სფეროში ტექნოლოგიების წარმოჩენას, პარტნიორული ქსელის ხელშეწყობასა და თანამშრომლობის წახალისებას.
საქართველოდან სამიტში სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან გელაშვილი და ელექტრონული სერვისების დანერგვისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის უფროსი არსენ ალაგარდაშვილი მონაწილეობდნენ.