სიახლეები

19.04.2024

ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერების მომზადების ტრენინგი გაიმართა

ციფრული მმართველობის სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტმა ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ ხუთდღიანი სასწავლო კურსი ჩაატარა.
მონაწილეები გაეცნენ „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, რომლის შესრულებაც სავალდებულოა კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებისთვის და ყველა იმ ორგანიზაციისთვის, ვისაც სურს იყოს შესაბამისობაში „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან.
ტრენინგზე განიხილეს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვისა და მხარდაჭერის პრინციპები, სისტემასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები.
სასწავლო კურსის მიზანია ,,ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერების მომზადება ან გადამზადება.
ტრენინგს პირველი და მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ასევე, იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ჯერ არ არიან განსაზღვრული კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებად, თუმცა, სურთ თანხვედრაში იყვნენ საქართველოს კანონთან ‘’ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ’’.
სასწავლო პროგრამა ტესტირებით დასრულდა და იმ მონაწილეებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ტესტირება, ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის სერტიფიკატები გადაეცათ.