სიახლეები
ციფრული მმართველობის სააგენტომ ორი ახალი პროექტი წარადგინა
სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო my.gov.ge-ს მობილურ აპლიკაციასა და IT პროექტების მართვის სახელმძღვანელო დოკუმენტზე მუშაობს. IT პროექტების მართვის ერთიანი სახელმძღვანელო დოკუმენტი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური პროექტების დანერგვის და მიწოდების ერთიან სტანდარტს შექმნის. მსგავსი რეგულაცია ქვეყანაში პირველად შეიქმნება და ის IT პროექტების მოთხოვნისა და მიწოდების სფეროს მოაწესრიგებს.
მობილური აპლიკაცია "MY.GOV.GE" იუსტიციის სახლის სერვისებზე მობილური ტელეფონითა და პლანშეტით წვდომას უზრუნველყოფს. პროექტის მიზანია, მომხმარებლებმა შეძლონ ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის - my.gov.ge-ის - ყველა სერვისის მიღება. აპლიკაცია მოქალაქეებისთვის უახლოეს პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი.
ახალი პროექტები ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე დავით ნადირაშვილმა პრეზენტაციაზე წარადგინა, რომელიც ციფრული მმართველობის სააგენტოს დაარსების 3 წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების ხელმძღვანელები და ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მინისტრის მოადგილემ სახელმწიფო სერვისების დისტანციური ხელმისაწვდომობისა და ელექტრონული სერვისების დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სააგენტოს თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
გასული სამი წლის მანძილზე ციფრული მმართველობის სააგენტომ ათეულობით პროექტი განახორციელა. მათ შორის: სახელმწიფო დაწესებულებებისთვის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში აქტიური მხარდაჭერა, ელექტრონული სისტემების დანერგვა და ინტეგრაცია. ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შემუშავება და ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცება; მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემის განახლება. კიბერუსაფრთხოების სფეროში საჯარო-კერძო პარტნიორობის პლატფორმის (GCPPP) შექმნა, რომლის ფარგლებში შემუშავდა კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და სხვა.