სიახლეები

03.04.2024

სტუდენტები ციფრული მმართველობის განვითარების ტენდენციებს გაეცნენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ციფრული მმართველობის სააგენტოს სტუმრობდნენ. ახალგაზრდები ქვეყანაში ციფრული მმართველობის დანერგვის პროცესში სააგენტოს როლსა და ფუნქციებს გაეცნენ. საუბარი შეეხო საჯარო მმართველობის რეფორმაში ციფრული მმართველობის სააგენტოს ჩართულობას, უკვე დანერგილ და დაგეგმილ ელექტრონულ სერვისებს.
სტუდენტების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია სახელმწიფო სერვისების ერთიანმა პორტალმა My.gov.ge. მათ პორტალის შესაძლებლობებსა და ხელმისაწვდომი სერვისების დისტანციურად მიღების წესზე დეტალური ინფორმაცია მოისმინეს. აღსანიშნავია, რომ My.gov.ge ვებპორტალის გარდა, მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლში განთავსებული თვითმომსახურების სივრცეების მეშვეობით და სულ მალე ჩაეშვება მობილური აპლიკაცია My.gov.ge.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ციფრული ეპოქის ყველაზე დიდი გამოწვევა - კიბერუსაფრთხოება. სტუმრებს მიეწოდათ პრაქტიკული მაგალითები კიბერსაფრთხეების შესახებ და ისაუბრეს მათი იდენტიფიცირებისა და გამკლავების მეთოდებზე.
ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.