სიახლეები

05.06.2024

რეგიონთაშორის კონფერენციაზე ციფრული მმართველობის მიმართულებით ქართულ მიღწევებს გაეცნენ

იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების: ციფრული მმართველობის სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლის წარმომადგენლებმა ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გამართულ რეგიონთაშორის კონფერენციაზე უცხოელ კოლეგებს ციფრული მმართველობის მიმართულებით გამოცდილება გაუზიარეს.
კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა ინოვაციური იდეები განიხილეს და წამყვანი ექსპერტებისგან ციფრული მმართველობის ეფექტიანი განვითარების შესახებ რეკომენდაციები მიიღეს.
ციფრული მმართველობის სააგენტომ კონფერენციაზე წარადგინა საქართველოს ციფრული მმართველობის სტრატეგია, რომელიც OECD/SIGMA-ს “საჯარო მმართველობის პრინციპებთან” არის შესაბამისობაში; სააგენტოს წარმომადგენელმა ისაუბრა my.gov.ge-ს მობილური აპლიკაციასა და კიბერუსაფრთხოების 2024-2028 წლების ცნობიერების ამაღლების სტრატეგიაზე, რომლის ფარგლებში უკვე განხორციელდა საინფორმაციო კამპანიის სამი ეტაპი.
პროექტი „საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება ციფრული ტრანსფორმაციისა და ციფრული მმართველობის ხელშეწყობისთვის“ მიზნად ისახავს ცენტრალური აზიის, კავკასიისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონების 12 ქვეყანაში ციფრული მმართველობის განვითარებას. პროექტი სამი წლის განმავლობაში (2024-2026 წლები) ასტანას საჯარო სამსახურის ჰაბისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, MOIS-თან და NIA-თან პარტნიორობით განხორციელდება.
ღონისძიება ასტანის საჯარო სერვისების ჰაბის (ACSH), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს (MOIS) და ინფორმაციული საზოგადოების ეროვნული სააგენტოს (NIA) ორგანიზებით გაიმართა.
ორდღიანი კონფერენცია - „ციფრული მმართველობისა და ციფრული ტრანსფორმაციის პრიორიტეტების განსაზღვრა“ კორეის რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება ციფრული ტრანსფორმაციისა და ციფრული მმართველობის ხელშეწყობისთვის“ - ფარგლებში განხორციელდა.