სიახლეები
კიბერუსაფრთხოების სფეროში საჯარო-კერძო თანამშრომლობის პლატფორმის შეხვედრა გაიმართა
რიგით მე-2 პლენარული შეხვედრის მონაწილეებმა ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების სფეროს მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ძირითადი აქცენტები გაკეთდა კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერებისა და განათლების ხარისხის ამაღლების, აგრეთვე სექტორებს შორის ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელობაზე.
შეიქმნა თემატური ჯგუფები, რომლებიც საბანკო და ენერგეტიკის სექტორების, ინფორმაციის გაცვლის, ონლაინ სივრცეში ბავშვთა დაცვის და სხვა მიმართულებებით იმუშავებენ; შემუშავდა სტანდარტული საოპერაციო პროცედურები კიბერუსაფრთხოების ეროვნული პლატფორმის ეფექტიანად ფუნქციონირებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში საჯარო-კერძო თანამშრომლობის პლატფორმის წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად. ღონისძიებას საჯარო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კიბერუსაფრთხოების ეროვნული პლატფორმა საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში 2023 წელს დაფუძნდა. მისი მიზანია კიბერუსაფრთხოების მმართველობითი სისტემის მდგრადობისა და საჯარო-კერძო თანამშრომლობის გაძლიერების გზით საქართველოს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებისა და საზოგადოების კიბერმედეგობის დონის ამაღლება.
კიბერუსაფრთხოების ეროვნული პლატფორმის პარტნიორია USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს მის მხარდაჭერას ინსტიტუციური განვითარებისა და გაძლიერების კუთხით. პლატფორმის პარტნიორია, ასევე, გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს კიბერთანამშრომლობისა და USAID-ის კრიტიკული ინფრასტრუქტურების დიგიტალიზაციისა და მედეგობის პროგრამები.