სიახლეები
ონლაინ სივრცეში ბავშვთა დაცვის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სახელმწიფო უწყებების, საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაზე ბავშვთა ონლაინ დაცვის მიმართულებით საქართველოში არსებული პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა. ხაზი გაესვა თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების პირობებში ბავშვთა ონლაინ უსაფრთხოებისა და ამ მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებების მნიშვნელობას და აღნიშნულ თემაზე საჯარო და კერძო სექტორების ძალისხმევათა გაერთიანება, ვინაიდან ბავშვთა ონლაინ უსაფრთხოებაზე ზრუნვა არა მხოლოდ სამთავრობო, არამედ ეროვნული დონის საკითხია.
სპეციალურად ამ შეხვედრისთვის მოწვეულმა ბრიტანელმა ექსპერტმა წარმოადგინა ბავშვთა ონლაინ დაცვის კუთხით დიდი ბრიტანეთის გამოცდილება და გამოწვევებთან გამკლავების პრაქტიკები.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ჩამოყალიბდა ბავშვთა ონლაინ დაცვის სამუშაო ჯგუფი, შემუშავდა ჯგუფის მიზანი. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია მუშაობის პრინციპებისა და ეთიკის წესების თაობაზე. სამუშაო ჯგუფი გააგრძელებს მიზნის მისაღწევად სამუშაო შეხვედრებს.
ბავშვთა ონლაინ დაცვის საკითხებზე სამუშაო ჯგუფი ერთ-ერთი პირველი სამუშაო ჯგუფია, რომელიც შეიქმნა ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ 2023 წელს დაფუძნებული კიბერუსაფრთხოების საჯარო-კერძო თანამშრომლობის პლატფორმის ფარგლებში. პლატფორმა კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობითი მექანიზმების განვითარებას და საჯარო-კერძო პარტნიორობის ინსტიტუციონალიზაციას ემსახურება.