სიახლეები

29.02.2024

ღია მონაცემების ეკოსისტემის განვითარების შესახებ სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს

ღია მონაცემების ეკოსისტემის განვითარების შესახებ ციფრული მმართველობის სააგენტოს ხედვასა და გეგმებს სამუშაო შეხვედრაზე გაეცნენ.
კერძო სექტორისთვის ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროების თაობაზე ჩატარებული კვლევის პრეზენტაციაზე ციფრული მმართველობის სააგენტოს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულებების უფროსმა მენეჯერმა დიმიტრი გუგუნავამ ისაუბრა. მან მონაწილეებს ქვეყანაში ღია მონაცემების მდგრადი ეკოსისტემის განვითარების შესახებ სააგენტოს ხედვა და სტრატეგიული გეგმები გააცნო.
სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის (EGP) მხარდაჭერით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ განხორციელებული კვლევის მეთოდოლოგიისა და ძირითადი მიგნებების პრეზენტაცია. კვლევა მიზნად ისახავდა ღია სამთავრობო მონაცემებთან დაკავშირებით კერძო სექტორში არსებული საჭიროებების იდენტიფიკაციას, რომელთა პრიორიტეტულად დაკმაყოფილებით შესაძლებელია მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის შექმნა.
კერძო სექტორის მიერ ღია მონაცემებზე დაფუძნებულ ციფრულ სერვისებსა და პროდუქტებს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში. საგრანტო აქტივობის ფარგლებში, საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით, შემუშავდა მეთოდოლოგია ღია მონაცემების ბაზრის ეკონომიკური სარგებლის დასადგენად, რომლის გამოყენებაც მომდევნო წლების განმავლობაშიც იქნება შესაძლებელი.