სიახლეები
ტრენინგი ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის
ციფრული მმართველობის სააგენტომ ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებთ 5 დღიანი ტრენინგი ჩაატარა.
სასწავლო სემინარი სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტებმა იმ ბიზნეს ორგანიზაციებისთვის განახორციელეს, რომელთაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა დაევალათ.
სასწავლო კურსის მიზანია მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებებისა და სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების გაცნობა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს კანონის მოთხოვნები ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნები და კიბერუსაფრთხოების ჩარჩო. კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის სტანდარტებისა და დანერგვის პროცესების შესახებ.
მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ბიზნეს ორგანიზაციებისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა და უზრუნველოფა ხელს შეუწყობს ამ კომპანიებში რისკებისა და საფრთხეების მინიმუმამდე შემცირებას. მათ შეეძლებათ რისკების იდენტიფიცირება, მათი შეფასება, შესაბამისობის კონტროლი. აღნიშნული უზრუნველყოფს ორგანიზაციების გამართულ ფუნქციონირებას და დაიცავს მათ კიბერ და სხვა ტიპის საფრთხეებისგან, რაც თავის მხრივ, მიმართულია ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებისკენ.