სიახლეები

02.06.2023

ციფრული მმართველობის სააგენტომ ინფორმაციული უსაფრთხოების ტრენინგები ჩაატარა

სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ინფორმაციული უსაფრთხოების საფუძვლების ხუთდღიანი ტრენინგი პირველი და მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციის სუბიექტების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში არსებულ ეროვნულ საკანონმდებლო ბაზას, საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებულ გამოცდილებას. ამავდროულად, შეისწავლეს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის სტანდარტები, დანერგვისა და აუდიტის პროცესები.
ტრენინგ-პროგრამა ტესტირებით დასრულდა. წარმატებულ მონაწილეებს „ინფორმაციული უსაფრთხოების სერტიფიცირებული მენეჯერის“ სერტიფიკატი გადაეცემათ. სერტიფიცირებულ მენეჯერებს უფლება ეძლევათ დანერგონ ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა საკუთარ ორგანიზაციებში, რაც თავის მხრივ, გააძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოებას.
სასწავლო კურსი ეფუძნება “ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონს, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის ქმედითი და ეფექტიანი ნაბიჯების განხორციელებას, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების სახელმწიფო კონტროლის მექანიზმების განსაზღვრას და ცნობიერების დონის ამაღლებას.