სიახლეები

19.04.2022

ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლები ყაზახეთის რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ

ყაზახეთში გამართულ რეგიონულ კონფერენციაში ,,ციფრული ტრანსფორმაციის კუთხით საჭიროებათა კვლევის შედეგები“ მონაწილეობა სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმაც მიიღეს.
ღონისძიება ქალაქ ნურ-სულთანში ასტანას სამოქალაქო სერვისების ჰაბის (ACSH), ყაზახეთის ეროვნული ინფოსაკომუნიკაციო ჰოლდინგის (ZERDE) , ასევე, კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროსა (MOIS) და ინფორმაციული საზოგადოების ეროვნული სააგენტოს (NIA) ორგანიზებით გაიმართა.
კონფერენციაზე სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს ციფრული მმართველობის სისტემების შეფასებაც განხორციელდა. კვლევის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ კვლევის ანგარიში და ძირითადი მიგნებები წარმოადგინა. მონაწილე ქვეყნები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. განისაზღვრა სამომავლო თანამშრომლობის სფეროები ასტანას სამოქალაქო სერვისების ჰაბთან, კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროსა და ინფორმაციული საზოგადოების ეროვნული სააგენტოსთან.
კონფერენციაში ციფრული მმართველობის სააგენტოდან ელექტრონული სერვისების დანერგვისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის უფროსი არსენ ალაგარდაშვილი და ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულებების უფროსი მენეჯერი დიმიტრი გუგუნავა მონაწილეობდნენ.
საქართველოდან კონფერენციაში სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოსთან ერთად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.