სიახლეები
ციფრული მმართველობის სააგენტოს ინოვაციურ პროექტებს ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის მონაწილეები გაეცნენ
ციფრული მმართველობის განვითარებისა და გაძლიერებისთვის განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის მონაწილეებისთვის გაიმართა. ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს უწყების მიერ შემუშავებულ პოლიტიკის დოკუმენტსა და დანერგილ ელექტრონულ სერვისებზე, ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე, საქართველოს ციფრული მმართველობის სტრატეგიის ძირითად ასპექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება-გაძლიერების მიზნით კერძო-საჯარო პარტნიორობის შესახებ.
ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა ქართულ-აზერბაიჯანული ფორუმის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის - My.gov.ge-ის შესახებ, რომელიც მომხმარებელს 730-ზე მეტ სახელმწიფო სერვისს ელექტრონულად სთავაზობს. საუბარი ასევე შეეხო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისთვის მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, მათ შორის, კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით.
სამართლებრივი ფორუმი, რომლის მიზანს საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამართლებრივი ურთიერთობის გაღრმავება წარმოადგენდა, წელს პირველად ჩატარდა საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროების პატრონაჟით. ფორუმს საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროების, სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის, ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად გაიმართება და მას საქართველო და აზერბაიჯანი მორიგეობით უმასპინძლებენ.