სიახლეები

29.03.2024

საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში საბანკო სექტორთან თანამშრომლობის ჯგუფი ჩამოყალიბდა

საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კიბერუსაფრთხოების სფეროში საჯარო-კერძო პარტნიორობის პლატფორმის შესაძლებლობებზე თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავების პროცესში. პლატფორმის ფარგლებში საუკეთესო შედეგების მისაღწევად, საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი მოსაზრებები წარუდგინეს.
შეხვედრაზე რამდენიმე თემა განისაზღვრა, რომლის ირგვლივაც დაინტერესებული პირები გაერთიანდებიან და სამუშაო ჯგუფებს ჩამოაყალიბებენ. ჯგუფები განსაზღვრული მიზნების მისაღწევად პერმანენტულ შეხვედრებს გააგრძელებენ.
საბანკო საკითხებზე ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფი ერთ-ერთი პირველია, რომელიც ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ 2023 წელს დაფუძნებული კიბერუსაფრთხოების საჯარო-კერძო თანამშრომლობის პლატფორმის ფარგლებში შეიქმნა. პლატფორმა კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობითი მექანიზმების განვითარებას და საჯარო-კერძო პარტნიორობის ინსტიტუციონალიზაციას ემსახურება.
შეხვედრას ციფრული მმართველობის სააგენტოს, საქართველოს საბანკო ასოციაციისა და კერძო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება ციფრული მმართველობის სააგენტოს ორგანიზებითა და USAID-ის მიერ დაფინანსებული რეგიონული „კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიგიტალიზაციისა და მედეგობის პროგრამის" (Critical Infrastructure Digitalization and Resilience Program) მხარდაჭერით გაიმართა.