სიახლეები

12.03.2024

იუსტიციის სახლში თვითმომსახურების სივრცეები საპილოტე რეჟიმში ამოქმედდა

ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა იუსტიციის სახლის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს თვითმომსახურების აპარატების გამოყენების შესახებ კონსულტაცია გაუწიეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მომხმარებელთა უკუკავშირს, რის შედეგადაც მოხდება თვითმომსახურების სივრცის საბოლოო პროგრამული და ტექნოლოგიური ფორმირება.
თვითმომსახურების სივრცის აპარატებში ინტეგრირებულია ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი my.gov.ge, სადაც შესაძლებელია უძრავი ქონების, ბიზნეს რეესტრის ამონაწერის, ასლების, ეროვნული არქივის ცნობის მომზადება და სხვა. მოქალაქეებს თვითმომსახურების აპარატებიდან უფასოდ შეუძლიათ სანოტარო ხელშეკრულების და სხვა ტიპის დოკუმენტაციის ამობეჭდვა.
თვითმომსახურების აპარატებით შესაძლებელია პორტალზე (my.gov.ge) რეგისტრაცია, რაც მომხმარებელს მისცემს საშუალებას, შექმნას საკუთარი ციფრული კაბინეტი და ისარგებლოს პორტალზე რეგისტრირებული ყველა ელექტრონული სერვისით.
ხელმისაწვდომი სახელმწიფო სერვისები იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, სისტემაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი გრძელდება. ახალი თვითმომსახურების სივრცე მომხმარებლებისთვის სერვისების მიღების პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებს.
თანამედროვე სტილის თვითმომსახურების აპარატების ტექნოლოგიური უზრუნველყოფა ციფრული მმართველობის სააგენტომ განახორციელა.