სიახლეები
კიბერუსაფრთხოების სფეროში საჯარო-კერძო თანამშრომლობის პლატფორმის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
კიბერუსაფრთხოების მოქმედი ეროვნული სტრატეგია, მარეგულირებელი ჩარჩო და კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ განიხილეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრაზე.
ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა ასოციაციის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია საჯარო-კერძო პარტნიორობის პლატფორმის შექმნის მიზნებსა და იმ სიკეთეებზე, რომლის მიღებაც შეუძლიათ მის წევრებს.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართული სამუშაო შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ერეკლე ღვინიანიძემ, ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით ნადირაშვილმა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ გახსნეს.
კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მექანიზმების განვითარება და საჯარო-კერძო პარტნიორობის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგიით განსაზღვრულ ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს.
საჯარო-კერძო პარტნიორობის პლატფორმის მიზანია, შეიქმნას გარემო, სადაც საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლები ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას ახალი სანდო პროდუქტებისა და გადაწყვეტების დანერგვის, ინოვაციური მიდგომების, ახალი სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ და სხვა.