სიახლეები

31.03.2023

ევროკავშირმა კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარებაში მიღწეული შედეგები შეაჯამა

ევროკავშირის დაძმობილების პროექტის - ,,კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში“, შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. პროექტის დახურვის ღონისძიებას მთავარი ბენეფიციარი, სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო და კიბერუსაფრთხოების სფეროში სხვადასხვა მანდატის მქონე სახელმწიფო უწყებები დაესწრნენ. მათ პროექტის განხორციელების შედეგად საქართველოს კიბერუსაფრთხოების განვითარების მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს.
პროექტმა უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის იმპლემენტაციას: შემუშავდა ცნობიერების ამაღლების სტრატეგია და სამუშაო გეგმა; გაძლიერდა კიბერუსაფრთხოების უწყების ინსტიტუციური ჩარჩო; დაფუძნდა კიბერუსაფრთხოების სფეროში საჯარო-კერძო პარტნიორობის პლატფორმა, რომელიც ქვეყნის კიბერუსაფრთხოების სისტემის გაძლიერებისთვის აუცილებელი კომპონენტია. პროექტის აქტიური დახმარებით გადამზადდნენ და საერთაშორისო პროგრამები გაიარეს კიბერუსაფრთხოების სფეროში მომუშავე სპეციალისტებმა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ და შემაჯამებელი ანგარიში მოისმინეს საქართველოში ავსტრიისა და ლიეტუვას ელჩებმა და სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე დავით ნადირაშვილმა.