სიახლეები

02.10.2024

ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტის კომიტეტის ბიუროს წევრად დიმიტრი გუგუნავა აირჩიეს

ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტის კომიტეტის (CAI) ბიუროს წევრად ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენელი აირჩიეს.

მმართველი ბიუროს წევრი ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული მმართველობის სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიტიკური სამსახურის უფროსი, დიმიტრი გუგუნავა გახდა.

ცხრაწევრიანი ბიუროს ფუნქცია კომიტეტის საქმიანობის ეფექტიანობის ხელშეწყობაა და მას ირჩევს კომიტეტი, რომელიც 46 ქვეყნის წარმომადგენლებისგან შედგება.
კომიტეტმა რიგით მე-11 პლენარული სამდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელიც ემსახურებოდა "ადამიანების უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პერსპექტივიდან ხელოვნური ინტელექტის სისტემებთან დაკავშირებული რისკებისა და აღნიშნული სისტემების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიის დოკუმენტის" შემუშავებას.

აღნიშნული კომიტეტის მიერ მომზადებულ კონვენციას ხელოვნური ინტელექტის თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიმდინარე წლის 5 სექტემბერს ვილნიუსში გამართულ ევროსაბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაზე მოაწერა ხელი. ეს არის პირველი საერთაშორისო და სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენებასა და ადამიანის უფლებების დაცვას შორის ბალანსის უზრუნველყოფას.

ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტის კომიტეტის მიზანია ხელოვნური ინტელექტის სისტემების შემუშავების, განვითარებისა და გამოყენების შესახებ სამართლებრივი ინსტრუმენტის მომზადება.