ჩვენ ვავითარებთ

სახელმწიფო ელექტრონული სერვისების მიწოდება ქვეყნის მასშტაბით; ციფრული მმართველობის მხარდაჭერა და განვითარება; ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება
10.12.2024
ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე საერთაშორისო შეხვედრაზე იმსჯელეს
ღონისძიების ფარგლებში განიხილეს 2024 წლის გაეროს ელექტრონული მმართველობის კვლევის ძირითადი მიგნებები, ელექტრონული მმართველობის განვითარების შეფასების მეთოდოლოგია და ინდიკატორები, რომლის საფუძველზეც დგინდება თითოეული ქვეყნის ელექტრონული მმართველობის განვითარების ინდექსი (EGDI).სამუშაო შეხვედრის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე მიღებული გამოცდილება, არსებული გამოწვევები და მიღწევები. ქართულმა დელეგაციამ შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში ციფრული მმართველობის დანერგვისა და განვითარების მიმართულებით გატარებული რეფორმები და მიღწევები გააცნო. „ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა: დიჯიტალიზაციის გავრცელება აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და დასავლეთ აზიაში" - ამ საკითხზე გამართულ საერთაშორისო შეხვედრას საქართველოდან იუსტიციის სამინისტროს, სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საერთაშორისო ღონისძიება ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის (UN-DESA) და ესტონეთის მთავრობის ორგანიზებით გაიმართა.
გაიგე მეტი
11.11.2024
კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე საერთაშორისო შეხვედრაზე იმსჯელეს
შეხვედრის მიზანს რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება, ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოება და კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე კოორდინირებული რეაგირების მექანიზმების შემუშავება წარმოადგენდა. შეხვედრაზე ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა უსაფრთხო ციფრული მომავლისთვის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებსა და საქართველოში ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშნელოვანი საკითხები, როგორიცაა კიბერსაფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი მიდგომების შემუშავება; მოწყვლადობის კვლევისა და მართვის ერთიანი მიდგომის განვითარება; რეგიონული კიბერუსაფრთხოების თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბება; რეალურ დროში ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების დანერგვა და სხვა. ღონისძიება ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართა და მასში მონაწილეობას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, საქართველოსა და მოლდოვას კიბერუსაფრთხოების სფეროზე პასუხისმგებელი სააგენტოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოდან შეხვედრას ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან გელაშვილი და ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულებების სამსახურის უფროსი, დიმიტრი გუგუნავა მონაწილეობდნენ. საერთაშორისო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სტამბოლის რეგიონული ჰაბისა და ალბანეთის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს (AKSK) ორგანიზებით გაიმართა.
გაიგე მეტი
05.11.2024
სტუდენტებისთვის კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანია ჩატარდა
ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებმა საქართველოს მასშტაბით 14 უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ტრენინგებსა და ინტერაქტიულ აქტივობებში ჯამში ასეულობით სტუდენტი ჩაერთო. სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია არსებული კიბერსაფრთხეებისა და მათგან დაცვის მეთოდებზე. ჩატარდა მხიარული ინტერაქტიული ქვიზები და გამარჯვებულებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ.საინფორმაციო კამპანია მიზნად ისახავს ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის პრინციპების დაცვის მექანიზმების სწავლებას. ასევე, კიბერუსაფრთხოების შესახებ ცოდნის ამაღლებას, რისკების შემცირებასა და კიბერჰიგიენის მინიმალური წესების ათვისებას.სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საფუძველზე ცნობიერების ამაღლების კამპანიას ყოველთვიურად, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან ახორციელებს.ტრენინგებს ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები უძღვებიან.
გაიგე მეტი

პარტნიორები