საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ ,,ციფრული მმართველობის სააგენტო“ 2020 წლის 10 ივლისს შეიქმნა. თუმცა, საჯარო მმართველობის განხორციელებაში ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობასა და განვითარებას იუსტიციის სამინისტროში უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს.
,,ციფრული მმართველობის სააგენტო“ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ორი სსიპ-ს - „სმართ ლოჯიქისა" და „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ შერწყმის შედეგად შეიქმნა. თავის მხრივ, ეს ორგანიზაციები იუსტიციის სამინისტროს მმართველობის ქვეშ 2010 წლიდან არსებობდნენ და თავისი წვლილი შეიტანეს სახელმწიფოში ელექტრონული მმართველობის, მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის, ელექტრონული სერვისების დანერგვის, ასევე ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების განვითარების საქმეში.
სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტო“ მოწოდებულია საქმიანობა წარმართოს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკოსისტემის გამოყენებით (მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურა, ერთიანი ციფრული სამთავრობო კარიბჭე, ელექტრონული სერვისები) და მიაღწიოს ციფრულ ნდობაზე (Digital Trust) დაფუძნებულ მმართველობის ფორმას.
სააგენტო მიზნად ისახავს მოქალაქეებისთვის, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორისთვის სახელმწიფო ელექტრონული სერვისების უსაფრთხოდ, ეფექტიანად, "ერთი ფანჯრის" პრინციპით მიწოდების უზრუნველყოფას; სახელმწიფო ორგანიზაციებსა და კერძო სექტორს შორის ინფორმაციის, ინფორმაციული სისტემებისა და ტექნოლოგიების ურთიერთთავსებადობის მიღწევას და მონაცემების უსაფრთხოდ გაცვლის უზრუნველყოფას, რაც ხელს უწყობს საჯარო მმართველობის გაუმჯობესებასა და საჯარო ადმინისტრირების ეფექტიანობის ზრდას.
სსიპ ,,ციფრული მმართველობის სააგენტოს“ მთავარი მიზანი საჯარო მმართველობაში ციფრული მმართველობის განვითარებაა. ამავდროულად, სააგენტო მოწოდებულია, უზრუნველყოს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის გატარება; სახელმწიფო საქმიანობაში დანერგოს თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და მათი საშუალებით ხელი შეუწყოს სახელმწიფოს გამართულ ფუნქციონირებას.
სააგენტოს ფუნქციები ძირითადად სამი მიმართულებითაა განსაზღვრული:
ციფრული მმართველობა;
ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება;
ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა.
ციფრული მმართველობა - საჯარო მმართველობის ფორმა, რომელიც გულისხმობს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო (ICT) ტექნოლოგიების გამოყენებით მმართველობის ტრადიციული ფორმის გაუმჯობესებას და გადაწყვეტილების მიმღებთა მოქმედების ციფრულ ტრანსფორმაციას ქვეყნის შემდგომი განვითარების ეროვნული გეგმისა და სტრატეგიის გათვალისწინებით. ციფრული მმართველობის მიზანი ერთია: გაამარტივოს მოქალაქეებისა და ბიზნესების სახელმწიფოსთან ურთიერთობის პროცესი, გახადოს ის უფრო მოქნილი, გამჭვირვალე, ეფექტიანი და მაქსიმალურად მოხსნას ბიუროკრატიული ბარიერები. ციფრული მმართველობის ყველაზე ხელშესახები მაგალითია ელექტრონული სერვისები. ელექტრონული სერვისების მეშვეობით ყალიბდება სახელმწიფოსა და მოქალაქეს (State2Citizen), სახელმწიფოსა და ბიზნესს (State2Business) შორის ურთიერთობის თვისებრივად ახალი ფორმა, რომელიც დაფუძნებულია უკეთესი ცხოვრების პრინციპებზე.
ინფორმაციული უსაფრთხოება - ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ოპერირებისას ორგანიზაციის უმთავრესი აქტივის - ინფორმაციის დაცულობის უზრუნველყოფა.
სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტო“ ახორციელებს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებას; ატარებს საჯარო ორგანიზაციების ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტს; სწავლობს და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებში ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვისა და აღსრულების პროცესთან დაკავშირებით; ორგანიზებას უწევს სატრენინგო ციკლების ჩატარებას; ახორციელებს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერების სერტიფიცირებას და აწარმოებს შესაბამის კატალოგს.
კიბერუსაფრთხოება: ურთიერთდაკავშირებული ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გლობალური უსაფრთხოების ნაწილი, რომლის დაცვაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დებულებით, გათანაბრებულია ხმელეთის, საჰაერო და საზღვაო სივრცეების დაცვასთან.
სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კიბერუსაფრთხოების მიმართულებას ადმინისტრირებას უწევს სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფის (CERT-GOV-GE) მეშვეობით. ჯგუფის მისიაა საჯარო (გარდა სამხედრო და სახელმწიფო საიდუმლოებაზე პასუხისმგებელი უწყებებისა) და კერძო სექტორში კიბერინციდენტების რეგისტრაცია, ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების გატარება. ჯგუფი ჩართულია CERT-ების (Computer Emergency Response Team) საერთაშორისო ქსელში; ჯგუფი ორგანიზებას უწევს კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს (CyberEXE - კიბერსავარჯიშოები, კიბეროლიმპიადა „კიბერკუბი“, კიბერკლასი, ტრენინგები და სხვა).
ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა - აღნიშნულ მიმართულებას სააგენტოს სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის დეპარტამენტი ახორციელებს. მათი ძირითადი სამუშაოა მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემის (ინფრასტრუქტურის) მართვა და დანერგვა; მონაცემთა გაცვლის ერთიანი სტანდარტის დადგენა; ელექტრონული მონაცემებისა და ელექტრონული სერვისების ურთიერთთავსებადობის ჩარჩოს შემუშავება და მის დანერგვაში ხელშეწყობა; ერთიანი სახელმწიფო ,,ქლაუდსისტემის“ დანერგვა და მონიტორინგი და სხვა. სააგენტოს ინფრასტრუქტურაში ჩართულია რამდენიმე ათეული უწყება და ტრანზაქციების რაოდენობა ყოველწლიურად აჭარბებს 100 მილიონს.
სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ მიერ შექმნილი და მართული პორტალები:
ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი My.gov.ge
საჯარო და კერძო სექტორში არსებული ციფრული სერვისების ერთიანი ვებპორტალი, სადაც განთავსებულია 650-ზე მეტი ელექტრონული მომსახურება (სერვისების რაოდენობა მუდმივად მზარდია).
პორტალის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან ელექტრონულად გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია, ასევე სხვადასხვა მომსახურების მიღების მიზნით შეავსოს განაცხადი, საჭიროების შემთხვევაში მასზე გამოიყენოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/შტამპი, გააგზავნოს შევსებული განაცხადი ადრესატთან და პორტალის მეშვეობით მიიღოს პასუხი და სხვა.
ღია მონაცემების ერთიან სამთავრობო პორტალი - www.data.gov.ge
პორტალზე საჯაროობისა და „ერთი ფანჯრის“ პრინციპების დაცვით გამოქვეყნებულია ადმინისტრაციულ ორგანოებში არსებული მონაცემები, რომელიც სტრუქტურირებული, კითხვადი და გამოყენებადია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის სხვადასხვა ტიპის პროდუქტებისა და სერვისების (მაგ.: მობილური აპლიკაციები) შესაქმნელად. პორტალზე ღია მონაცემების გამოქვეყნება და სისტემატიური განახლება ხდება მანქანა-კითხვად ფორმატში.
ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის პორტალი - www.roi.gov.ge
პორტალი 2014 წელს, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით საჯარო დაწესებულებებში არსებული რეესტრების, მონაცემთა ბაზების, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემების დუბლირების თავიდან აცილების მიზნით შეიქმნა.
დომენების მართვის ელექტრონული სისტემა - gov.ge
სისტემა 2014 წელს შეიქმნა და შედეგად სახელმწიფო ორგანიზაციებისათვის მომსახურება გახდა უფასო და ავტომატიზებული, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა დომენების რეგისტრაციისა და მართვის პროცესები.
სხვა პროექტები
სსიპ ,,ციფრული მმართველობის სააგენტო“ მართავს და ავითარებს ისეთ უმნიშვნელოვანეს პროექტებს, როგორებიცაა ,,სისხლის სამართლის საქმეების მართვის პროგრამა“, ,,ერთიანი სახელმწიფო ქლაუდის სისტემა“, ,,იუსტიციის სახლის“ ოპერატორების ერთიანი სამუშაო სისტემა“, ,,Just Drive” იუსტიციის სახლისთვის, საგარეო ვაჭრობის ორმხრივი ურთიერთობების პორტალი (IERG) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის, დევნილთა ქონების დეკლარაციის მოდული ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის, მომსახურების პლატფორმა სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსთვის“, პროგრამული უზრუნველყოფა ნოტარიუსთა პალატისთვის, პროგრამული უზრუნველყოფა ,,სმართ დოკი“ იუსტიციის სამინისტროსთვის და სხვა.
სსიპ ,,ციფრული მმართველობის სააგენტო“ დღეის მდგომარეობით 40-ზე მეტ სხვადასხვა ტიპის სერვისს გასცემს და ათეულობით კერძო და საჯარო უწყებას უწევს სანდო და კვალიფიციურ მომსახურებას.