სიახლეები

12.10.2023

ეთიკური ჰაკინგის ტრენინგზე რეგისტრაცია იწყება

იუსტიციის სამინისტროს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ ორგანიზებული პენტესტის (ეთიკური ჰაკინგის) ტრენინგზე რეგისტრაცია იწყება.

კურსის თემატიკა შეესაბამება NIST საერთაშორისო დირექტივის სტანდარტებს. კურსი დაფუძნებულია SANS Institute-ის და eLearnSecurity-ის სწავლების მეთოდებზე.

კურსის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან:

  • შეღწევადობის ტესტირების ფაზებს
  • სატესტო არეალის განსაზღვრას
  • ინფორმაციის შეგროვებას (პასიური/აქტიური)
  • ენუმერაციას
  • მოწყვლადობების დადგენასა და პრიორიტეტიზაციას
  • სერვისების ექსპლოიტებს
  • სისტემაზე თავდასხმის გზებს (ვინდოუსი/ლინუქსი)
  • პრივილეგიების ესკალაციას (ვინდოუსი/ლინუქსი)
  • ვებ-აპლიკაციის შეღწევადობის ტესტირებას
  • რეპორტინგს

კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები:

  • შეძლებენ დამოუკიდებლად განახორციელონ შეღწევადობის ტესტირების თითოეული ფაზა, მოცემული სპეციფიკიდან გამომდინარე;
  • შეიქმნიან ზოგად წარმოდგენას თანამედროვე კიბერშეტევების მეთოდოლოგიებსა და განხორციელებაზე;
  • დაეუფლებიან შეღწევადობის ტესტირების სხვადასხვა ხელსაწყოებსა და ტექნიკებს სერვისებისა და აპლიკაციების მიხედვით;
  • შეძლებენ შეღწევადობის ტესტირების, როგორც თავდაცვის ერთ-ერთ მეთოდად ჩამოყალიბებას;
  • მოემზადებიან პენტესტის მიმართულებით საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდებისთვის.

კურსის ბოლოს ჩატარდება გამოცდა. გამოცდის შედეგების მიხედვით, მონაწილეებს გადაეცემათ გამოცდისა და კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები.

პრერეკვიზიტები:

  • Windows და Linux ოპერაციული სისტემების საბაზისო ცოდნა
  • ფაილური სისტემების საბაზისო ცოდნა
  • ტერმინალთან მუშაობის მცირე გამოცდილება
  • ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა

დამატებითი ინფორმაცია:

მონაწილეებისთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური ლაბორატორიული სისტემებით აღჭურვილი ლეპტოპები.

სადილი და ყავის შესვენებები გათვალისწინებულია და შედის კურსის ღირებულებაში.

ჯგუფში ჩარიცხვა მოხდება მოწოდებული ინფორმაციის და საჭიროების შემთხვევაში, გასაუბრების შემდგომ.

ტრენინგი ჩატარდება სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს ოფისში (მის: გორგასლის 22) 20-24 ნოემბერს (5 დღე), 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

კურსის ღირებულება - 960 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში, 12 ნოემბრის ჩათვლით, გამოგზავნეთ CV შემდგომ ელ. ფოსტის მისამართზე - info@dga.gov.ge, Subject ველში მიუთითეთ - „Pentest Training”.