სიახლეები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კიბერუსაფრთხოების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა
ციფრული მმართველობის სააგენტომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კიბერუსაფრთხოების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
ციფრული მმართველობის სააგენტო კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვის ფარგლებში ახალგაზრდებში კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს.
სააგენტოს კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და მათ კიბერუსაფრთხოების ძირითად პრინციპებზე, ონლაინ სივრცეში უსაფრთხო ქცევის წესებზე, ყველაზე გავრცელებულ კიბერშეტევებსა და მათგან თავდაცვის ეფექტიან საშუალებებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრის მიზანი თანამედროვე ციფრულ გარემოში არსებული საფრთხეების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება და უსაფრთხო ციფრული ქცევის კულტურის ხელშეწყობა იყო.
ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების თვეა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საჯარო და კერძო ორგანიზაციები ერთიანდებიან კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და უფრო უსაფრთხო ციფრული გარემოს შექმნის მიზნით.
ციფრული მმართველობის სააგენტო უერთდება ინიციატივას და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან ატარებს, რათა ხელი შეუწყოს კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდას.