სიახლეები

31.05.2022

კიბერუსაფრთხოების საბაზისო კურსზე რეგისტრაცია დაიწყო

სსიპ ,,ციფრული მმართველობის სააგენტოს“ კიბერუსაფრთხოების უფასო ტრენინგ-კურსზე რეგისტრაცია დაიწყო.
სააგენტოს „კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფის“ მიერ პორტალზე elearning.gov.ge ჩამოყალიბდა
„კიბერუსაფრთხოების საბაზისო კურსი“, სადაც მსურველებს შეუძლიათ გაიღრმავონ ცოდნა შემდეგ საკითხებში:
პერსონალურ მონაცემთა დაცვა
„კიბერჰიგიენა“
მობილური მოწყობილობების უსაფრთხოება
სოციალური ქსელების უსაფრთხოება
ფიშინგის“ ამოცნობის გზები
პაროლების უსაფრთხოება
უკაბელო ქსელების უსაფრთხოება
ინფორმაციული უსაფრთხოება
ელექტრონული ფოსტის უსაფრთხოება
კიბერშეტევების ვექტორები
კურსზე რეგისტრაცია ხორციელდება პორტალზე: https://www.elearning.gov.ge
რეგისტრაციის გავლისას, ვერიფიცირების მიზნით, ელექტრონულ ფოსტაზე გამოიგზავნება წერილი, რომელში მითითებულ ბმულზე გადასვლის შემდეგ გაიხსნება წვდომა ვებსაიტზე არსებულ რესურსებზე, რომელთა შორისაც არის „კიბერუსაფრთხოების საბაზისო კურსი“.
კიბერუსაფრთხოების უფასო კურსზე რეგისტრაცია და ტესტირება მსურველებს მათთვის სასურველ ნებისმიერ დროს შეუძლიათ.
კურსის თეორიული მასალის გავლის შემდეგ მონაწილეები გაივლიან ტესტირებას და წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ ელექტრონულ სერტიფიკატს სსიპ ,,ციფრული მმართველობის სააგენტოს“ თავმჯდომარის ხელმოწერითა და სერტიფიკატის უნიკალური კოდით.
„კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფის“ მიერ „კიბერუსაფრთხოების საბაზისო კურსის“ შექმნის უმთავრეს მიზანს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. ტრენინგ-კურსი მსურველებს აძლევს საშუალებას, გაიღრმავონ ცოდნა კიბერუსაფრთხოების სფეროში; იყვნენ ინფორმირებული თანამედროვე სამყაროში არსებული ძირითადი გამოწვევების შესახებ; არ გახდნენ კიბერთავდასხმების მსხვერპლი ან მაქსიმალურად შეამცირონ რისკები.
დამატებითი კითხვებით დაგვიკავშირდით cert@dga.gov.ge