სიახლეები
ციფრული მმართველობის სააგენტომ MY.GOV.GE -ს შესახებ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია შეაჯამა
ციფრული მმართველობის სააგენტომ ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის - MY.GOV.GE-ს შესახებ საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლების მიზნით მიმდინარე საინფორმაციო კამპანია შეაჯამა.
ღონისძიებაზე გაიმართა სოციოლოგიური კვლევის შედეგების პრეზენტაცია, რომლის მიზანსაც ელექტრონული სერვისების შესახებ ცნობიერების დონის დადგენა და მათი ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული დაბრკოლებების განსაზღვრა წარმოადგენდა.
განიხილეს ვებგვერდის სამართლებრივი რეგულირების ფარგლებში მომზადებული მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, რომელიც ნორმატიულ და კანონქვემდებარე აქტებში განსახორციელებელ ცვლილებებს მოიცავს.
ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები MY.GOV.GE-ს საკომუნიკაციო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას და პორტალი ცნობადობის შესახებ მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის მიზნებსა და შედეგებსაც გაეცნენ. კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, მათ შორის, სოციალური არხების, მედია საშუალებებისა და საინფორმაციო ბანერების მეშვეობით.
პროექტის ფარგლებში სოციოლოგიური კვლევა კომპანია “ეისითიმ” ჩაატარა, MY.GOV.GE-ს საკომუნიკაციო სტრატეგია კი კომპანია ,,ჯეპრამ” მოამზადა.
პროექტი გერმანიის მთავრობის ფინანსური დახმარებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ ) მხარდაჭერით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანი სახელმწიფო სერვისების ერთიანი პორტალის - MY.GOV.GE -ს ცნობადობის გაზრდა და მომხმარებელთა რაოდენობის მნიშვნელოვნად მატება გახლდათ.