სიახლეები

05.11.2024

სტუდენტებისთვის კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანია ჩატარდა

ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებმა საქართველოს მასშტაბით 14 უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.
ტრენინგებსა და ინტერაქტიულ აქტივობებში ჯამში ასეულობით სტუდენტი ჩაერთო. სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია არსებული კიბერსაფრთხეებისა და მათგან დაცვის მეთოდებზე. ჩატარდა მხიარული ინტერაქტიული ქვიზები და გამარჯვებულებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ.
საინფორმაციო კამპანია მიზნად ისახავს ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის პრინციპების დაცვის მექანიზმების სწავლებას. ასევე, კიბერუსაფრთხოების შესახებ ცოდნის ამაღლებას, რისკების შემცირებასა და კიბერჰიგიენის მინიმალური წესების ათვისებას.
სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საფუძველზე ცნობიერების ამაღლების კამპანიას ყოველთვიურად, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან ახორციელებს.
ტრენინგებს ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები უძღვებიან.