სიახლეები
ციფრული მმართველობის სააგენტომ ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერები გადაამზადა
სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტმა ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ მორიგი ხუთდღიანი ტრენინგი ჩაატარა.
მონაწილეები გაეცნენ „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, რომლის შესრულებაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებისა და ყველა იმ ორგანიზაციისთვისაა სავალდებულო, ვისაც „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში ყოფნა სურს.
ტრენინგზე ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (ISMS) დანერგვისა და მხარდაჭერის პრინციპები და სისტემასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები განიხილეს.
კურსის მიზანია „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნების აღსრულების ხელშეწყობა და ამავდროულად, ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერების მომზადება ან გადამზადება.
ტრენინგს ესწრებოდნენ როგორც პირველი და მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების წარმომადგენლები, ასევე, იმ ორგანიზაციების თანამშრომლები, რომლებიც ჯერ არ არიან განსაზღვრული კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებად, თუმცა, სურთ შესაბამისობაში იყვნენ ‘’ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონთან.
ტრენინგის დასკვნით დღეს მონაწილეებმა გაიარეს ტესტირება, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ისინი ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის სერტიფიკატს მიიღებენ.