სიახლეები

18.06.2024

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამუშაო შეხვედრაზე კარგი საჯარო მმართველობის ახალ პრინციპებზე იმსჯელეს

საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში კარგი მმართველობის ინიციატივის დანერგვის პროცესში მიღწეული წარმატებული შედეგები გააცნეს.
ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში განიხილეს კარგი მმართველობის დანერგვის მნიშვნელობა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ეფექტიანი და გამჭვირვალე საჯარო მმართველობის ძირითადი ასპექტები, სადაც საჯარო სერვისების მიწოდების მიმართულებით მომხმარებელზე მორგებულ ციფრულ ტექნოლოგიებსა და სამართლებრივ საფუძვლებს გამორჩეულად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
შეხვედრაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 50-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის, ციფრული მმართველობის სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლები.
ღონისძიება ევროკავშირის და გერმანიის მთავრობის თანადაფინანსებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული ფონდის პროექტის - „მმართველობის პროგრესის შეფასების მექანიზმი“ და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) „მმართველობისა და მენეჯმენტის ხელშეწყობის პროგრამის“ (SIGMA) თანაორგანიზებით გაიმართა.