სიახლეები
იუსტიციის მინისტრმა ციფრული მმართველობის სააგენტოს დაარსების დღე მიულოცა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ, სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სააგენტო ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
მინისტრის განცხადებით, თანამედროვე, უსაფრთხო და მოქალაქეზე ორიენტირებული სახელმწიფო სერვისების განვითარება ეფექტიანი საჯარო მმართველობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ. მან ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და მოქალაქეზე ორიენტირებული მიდგომა თანამედროვე საჯარო მმართველობის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.
ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ, სანდრო ცირეკიძემ, მადლობა გადაუხადა იუსტიციის სამინისტროს, პარტნიორ სახელმწიფო უწყებებსა და სააგენტოს თანამშრომლებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.
სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტო“ უზრუნველყოფს სახელმწიფო სერვისების ელექტრონულ ხელმისაწვდომობას, ავითარებს უსაფრთხო ციფრულ გარემოს და ხელს უწყობს ეფექტიანი, მოქალაქეზე ორიენტირებული სახელმწიფო მმართველობის განვითარებას.