სიახლეები

13.10.2026

ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენელმა კიბერუსაფრთხოების სამიტის მონაწილეებს საქართველოს გამოცდილება გაუზიარა

ცენტრალური აზიის კიბერუსაფრთხოების მე-4 სამიტზე რეგიონში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, ტექნოლოგიური განვითარების თანმდევ რისკებსა და მათი დაძლევის გზებზე იმსჯელეს.

პლენარულ სესიაზე, რომელიც რეგიონის სწრაფი ტრანსფორმაციის პირობებში კიბერუსაფრთხოების გამოწვევებს დაეთმო, ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო გოზალიშვილმა, საქართველოს გამოცდილებასა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა უწყებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის როლზე და ხაზი გაუსვა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას.

სამიტის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიებსა და სამუშაო შეხვედრებზე განიხილეს კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფაში ხელოვნური ინტელექტის როლი, კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და აქტივების დაცვა, საბანკო და საფინანსო სექტორის წინაშე არსებული საფრთხეები, IT/OT უსაფრთხოების მნიშვნელობა და კიბერუსაფრთხოების სფეროში კვალიფიციური კადრების განვითარების საჭიროება.

უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტში გამართულ ღონისძიებაში საჯარო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციები, კიბერუსაფრთხოების ექსპერტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ციფრული მმართველობის სააგენტოსთვის საერთაშორისო სამიტებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარების, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და თანამედროვე გამოწვევებზე ეფექტიანი მიდგომების განვითარების თვალსაზრისით.