სიახლეები

06.04.2023

ციფრული მმართველობის სააგენტო გადახდებისა და მონიტორინგის ერთიან სისტემას ქმნის

სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე დავით ნადირაშვილმა იუსტიციის სამინისტროს და მასში შემავალი უწყებების ერთიანი გადახდებისა და მონიტორინგის სისტემის პროექტის კონცეფცია გააცნო.
გადახდებისა და მონიტორინგის ახალი სისტემა ინტეგრირებული იქნება ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე my.gov.ge. სისტემა უზრუნველყოფს სერვისის მომხმარებელსა და მიმწოდებელ უწყებას შორის ბიზნეს პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციას. მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, საჯარო უწყებების სერვისების მიღებისთვის საჭირო ყველა ქმედება და პროცესი ონლაინ განახორციელოს. მათ შორის, შექმნას ხელშეკრულება, მასთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეასრულოს კვალიფიციური ხელმოწერა, გამოიყენოს ელექტრონული შტამპი, გადაიხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასური, გაეცნოს მიღებული მომსახურებების შესახებ სტატისტიკას. პლატფორმაზე ავტორიზებული მომხმარებელი ონლაინ შეძლებს, როგორც პროცესის სრულად გავლას, ასევე საბოლოო პროდუქტის მიღებას.
სისტემა უზრუნველყოფს ,,ერთი ფანჯრის“ პრინციპით, ერთი პორტალიდან იუსტიციის სამინისტროს სსიპების ყველა სერვისის ხელმისაწვდომობას და ერთიანი სტანდარტით მომსახურების პრაქტიკის დამკვიდრებას.
შეხვედრა მიზნად ისახავდა პროექტის განხორციელებაში სსიპ-ების ჩართულობას, მათი მოსაზრებებისა და საჭიროებების გაზიარებას და შემდგომი სამუშაოების მათთან შეთანხმებით დაგეგმარებას.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ერეკლე ღვინიანიძის შეფასებით, ციფრული მმართველობის სააგენტოს ახალი პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისების მეტად ხელმისაწვდომობას და სერვისების მიღების პროცესის გამარტივებას.