სიახლეები
ციფრული მმართველობის სააგენტოს ელექტრონულ სერვისებს კამბოჯის დელეგაცია გაეცნო
ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა კამბოჯის ტელეკომუნიკაციების მინისტრს, ჩეა ვანდეტს სააგენტოს მანდატი, ფუნქციები და დაგეგმილი პრიორიტეტები გააცნეს.
საუბარი შეეხო კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკას, ინციდენტების რეაგირებისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით სააგენტოს როლსა და ფუნქციებს; ციფრული მმართველობის განვითარების კუთხით დანერგილ ელექტრონულ სერვისებს, სახელმწიფო უწყებებს შორის მონაცემთა გაცვლის ერთიან სისტემას, ციფრული მმართველობის განვითარების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
კამბოჯის დელეგაციის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ელექტრონული სერვისების ერთიანმა პორტალმა - my.gov.ge, სადაც მოქალაქეებს 400-მდე სერვისის მიღება დისტანციურად შეუძლიათ. ვებგვერდი უკვე 10 წელზე მეტია სახელმწიფო სერვისების ელექტრონულ ხელმისაწვდომობას სტაბილურად უზრუნველყოფს.
სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ კამბოჯის დელეგაციის წევრები, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციის სახლის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში, კამბოჯის დელეგაციისთვის თბილისის იუსტიციის სახლში საინფორმაციო ტური გაიმართა.