სიახლეები

29.09.2026

იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა

ციფრული მმართველობის სააგენტოს ხელმძღვანელობით, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა

მონაწილეებმა განიხილეს სამუშაო ჯგუფის კონცეფცია და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანები, შეთანხმდნენ მუშაობის ძირითად პრინციპებზე და დაგეგმეს შემდგომი საქმიანობა.

უწყებებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში გამოიკვეთა ის სერვისები და პროცესები, რომლებშიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მიზანშეწონილია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამართლებრივ საკითხებს, ადამიანის უფლებების დაცვას, მონაცემთა დაცვასა და კიბერუსაფრთხოებას.

სამუშაო ჯგუფის ფორმატში ასევე დაიგეგმება ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს „ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის შესახებ“ ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციის რატიფიკაციის პროცესს. კონვენციას ხელი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2024 წლის 5 სექტემბერს, ქ. ვილნიუსში, ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრთა კონფერენციის ფარგლებში მოაწერა.

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე შეიქმნა, რომლის მიზანია სახელმწიფო სერვისებსა და ადმინისტრაციულ პროცესებში ხელოვნური ინტელექტის ეთიკური, უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი დანერგვისა და გამოყენების ხელშეწყობა. სამუშაო ჯგუფის საქმიანობა ასევე ეხმიანება ციფრული მმართველობის სტრატეგიით განსაზღვრულ მიზნებს, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის საჯარო მმართველობაში დანერგვის მიმართულებას.

პირველ შეხვედრაში იუსტიციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.