პროდუქტები

my.gov.ge

my.gov.ge - ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი

პარტნიორი ორგანიზაცია/ები: სახელმწიფო დაწესებულებები; კერძო სამართლის იურიდიული პირები

my.gov.ge წარმოადგენს საჯარო და კერძო სექტორში არსებული ელექტრონული სერვისების ერთიან ვებპორტალს, სადაც განთავსებულია 700-ზე მეტი ელექტრონული მომსახურება. სერვისები პორტალის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ,,ერთი ფანჯრის“ პრინციპით - პორტალზე რეგისტრაციისა და პორტალის მოხმარების წესებზე დათანხმების შემდეგ. პორტალის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან ელექტრონულად გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია, ასევე სხვადასხვა მომსახურების მიღების მიზნით შეავსოს განაცხადი, საჭიროების შემთხვევაში მასზე გამოიყენოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/შტამპი, გააგზავნოს შევსებული განაცხადი ადრესატთან და პორტალის მეშვეობით მიიღოს პასუხი.


სისხლის სამართლის საქმისწარმოების სისტემა

სისხლის სამართლის საქმისწარმოების სისტემა

პარტნიორი ორგანიზაცია: საქართველოს პროკურატურა

სისხლისსამართლის საქმისწარმოების პროგრამის მეშვეობით გამომძიებლებს და პროკურორებს საშუალება ეძლევათ სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ელექტრონულად განახორციელონ, რაც ხელს უწყობს საპროკურორო საქმიანობისა და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის ეფექტიან უზრუნველყოფას.

პროგრამა სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლობით შექმნილი პროგრამაა, რომლითაც სარგებლობს საქართველოში არსებული ყველა საგამოძიებო უწყება და პროკურატურის ყველა სტრუქტურული ერთეული.

sdgtoolkit.dea.gov.ge

sdgtoolkit.dea.gov.ge – მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისობის სისტემა

პარტნიორი ორგანიზაცია/ები:საქართველოს სამინისტროები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები

SDG Toolkit სისტემა წარმოადგენს მარტივ, მომხმარებელზე ორიენტირებულ ელექტრონულ მექანიზმს, რომლის მეშვეობით მოწმდება საქართველოს კანონპროექტების/პოლიტიკის დოკუმენტების შესაბამისობა 2030 დღის წესრიგთან/ მდგრადი განვითარების 17 მიზანთან და ადგენს მათი გავლენის ხარისხს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაზე.

SDG Toolkit-ის მომხმარებლებს წარმოადგენენ საქართველოს სამინისტროების ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ-ების) თანამშრომლები. პორტალის ადმინისტრირებას მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს სამდივნო ახორციელებს.

aa-monitoring.gov.ge

aa-monitoring.gov.ge საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების დაგეგმვისა და მონიტორინგის ელექტრონული სისტემა

პარტნიორი ორგანიზაცია/ები: სახელმწიფო დაწესებულებები; UNDP; SIDA

aa-monitoring.ge წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ საინფორმაციო პორტალს.

aa-monitoring.ge შეიქმნა ევროპულ და ევროატლანიტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) თანამშრომლობის შედეგად.

ინტერნეტ გვერდის მიზანია საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია რეფორმებისა და ცვლილებების შესახებ, რომელიც უკავშირდება:

ასოცირების შეთანხმების ეროვნული სამოქმედო გეგმების განხორციელებას;

ასოცირების შეთანხმების ფარგლებში დარგობრივი მიმართულებებით განხორციელებული ცვლილებებსა და რეფორმებს;

ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში ცალკეული დარგებისა და განხორციელებული ქმედებების სტატისტიკურ მონაცემებს;

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცისა (DCFTA) და სექტორული თანამშრომლობის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებსა და პოლიტიკას;

ასოცირების შეთანხმების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებსა და საკანონმდებლო ინიციატივებს;

გამჭვირვალობის, საზოგადოების ინფორმირებასა და კუთვნილებას ზრდას ასოცირების შეთანხმების განხორციელებისა და ევროინტეგრაციის პროცესში.

Data.gov.ge

Data.gov.ge – ღია მონაცემების პორტალი

პარტნიორი ორგანიზაცია/ები: სახელმწიფო დაწესებულებები

საქართველოს საჯარო დაწესებულებები ფლობენ დიდი ოდენობით ციფრულ მონაცემებს, რომელიც დააგროვეს უფლებამოსილების განხორციელებისას, ან მათზე დაყრდნობით ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას. ამ მონაცემების ნაწილის პროაქტიულად გამოქვეყნებას სახელმწიფო დაწესებულებებს ავალდებულებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

ღია მონაცემი გულისხმობს ე. წ. ნედლ, პირვანდელ მონაცემს, რომელიც გამოქვეყნებულია ელექტრონული ცხრილის შესაბამის ფორმატში. მაგ.: CSV, Open XML, ან ხელმისაწვდომია ელექტრონული სერვისის საშუალებით (API).

ამ მონაცემების გამოქვეყნების და პერიოდულად განახლების მიზნით შეიქმნა ღია მონაცემების ქართული პორტალი, რომელიც განკუთვნილია ღია მონაცემებისა და მეტა-მონაცემების გამოსაქვეყნებლად.

tfs.ge

tfs.ge – Trade Facilitation System

პარტნიორი ორგანიზაცია/ები: სახელმწიფო დაწესებულებები და კერძოსამართლის იურიდიული პირები

Trade Facilitation System არის ერთგვარი საინფორმაციო ჰაბი, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს სხვადასხვა საოპერაციო პროგრამებს შორის ინფორმაციის დროულად და უსაფრთხო გაცვლისთვის. ქსელის საშუალებით შესაძლებელია ელექტრონული კავშირების უზრუნველყოფა არა მარტო კერძო და საჯარო სექტორებს შორის, არამდე როგორც სამთავრობო ინსტიტუტებს (საბაჟო, რკინიგზა, საზღვრის დაცვის პოლიცია), ასევე კერძო სექტორის სუბიექტებს (საზღვაო პორტები, საზღვაო გადამზიდავი ხაზები, ავიაკომპანიები, საავტომობილო გადამზიდავები, აეროპორტები, ტერნიმალები (საწყობები), ექსპედიტორები, საავტომობილო გადამზიდავები, რკინიგზა, ბროკერები, ბანკები, სადაზღვეო კომპანიები) შორისაც.

OIS (Offender Information System)

მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა აღრიცხვის სისტემა - OIS (Offender Information System)

პარტნიორი ორგანიზაცია/ები:სპეციალური პენიტენციური სამსახური

ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა აღრიცხვის სისტემა (OIS) წარმოადგენს შიდა ვებ-აპლიკაციას, რომელიც მისაწვდომია მხოლოდ justice-ქსელიდან. OIS განიხილება როგორც სისტემა, რომელიც შედგება სხვადასხვა მოდულებისგან - სპეც აღრიცხვის მოდული, რეჟიმის და უსართხოების მოდული, საზოგადოებრივი მისაღების მოდული, რესოციალიზაციის და რეაბილიტაციის მოდული, სამედიცინო მოდული. სისტემის დანერგვა ხელს უწყობს სხვადასხვა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებს / უწყებებს შორის მონაცმების მარტივ დამუშავებას და მიმოცვლას. ამ ეტაპისთვის გაშვებულია და გამოიყენება სისტემის სპეციალური აღრიცხვის მოდული.