სიახლეები
სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების სტრატეგიის შემუშავებისთვის სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს. ორდღიანი შეხვედრა საქართველოს სხვადასხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს.
კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების სტრატეგიის შემუშავება საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული აქტივობაა. მისი განხორციელებისთვის სამუშაო შეხვედრებს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს კოორდინაციით, ევროკავშირის დაძმობილების პროექტი - ,,კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში“ უზრუნველყოფს.
პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრებში ჩართული არიან საერთაშორისო ექსპერტები ავსტრიიდან და ლიეტუვადან.
შეხვედრებში ციფრული მმართველობის სააგენტოდან ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულების მენეჯერები მონაწილეობენ.
სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტომ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საკუთარ გამოცდილებაზე ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტის კომიტეტის (CAI) სხდომაზე ისაუბრა.
სამუშაო შეხვედრაზე კომიტეტის სამდივნოს მიერ მომზადებული კონვენციის პირველადი სამუშაო ვერსიის დოკუმენტი განიხილეს. ქართულ მხარესთან ერთად განხილვაში ევროპის საბჭოს წევრი და დამკვირვებლის სტატუსის მქონე ქვეყნების წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები მონაწილეობდნენ, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე ავტორიტეტულ ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ.
შეხვედრაში მხოლოდ ის ქვეყნები იყვნენ ჩართული, რომელთაც ციფრული მართვისა და ხელოვნური ინტელექტის სისტემების შემუშავების, განვითარებისა და გამოყენების შესახებ სამართლებრივი ინსტრუმენტების მომზადების გამოცდილება აქვთ.
ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტის კომიტეტის ამოცანას ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების შემუშავების, განვითარებისა და გამოყენების პროცესში ადამიანის უფლებათა მინიმალური სტანდარტის დაცვის სამართლებრივი ინსტრუმენტის - კონვენციის პროექტის მომზადება წარმოადგენს.
კომიტეტისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://www.coe.int/en/web/artificial-intelligence/cai
სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოში ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების წარმომადგენლებისთვის ხუთ დღიანი ტრენინგი მიმდინარეობს.
სასწავლო კურსი ეფუძნება “ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონს, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის ქმედით და ეფექტიან განხორციელებას.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში არსებულ ეროვნულ საკანონმდებლო ბაზას და საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილებაზე დაფუძნებულ პრაქტიკებსა და სტანდარტებს. სასწავლო კურსის მონაწილეები მიიღებენ ცოდნას ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის სტანდარტისა და დანერგვის პროცესის შესახებ.
ტრენინგის დასრულებისას ჩატარდება ტესტირება, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ „ინფორმაციული უსაფრთხოების სერტიფიცირებული მენეჯერი“-ს სერტიფიკატი, რაც მათ „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონი“-ს თანახმად შესაძლებლობას მისცემს დანერგონ ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა საკუთარ ორგანიზაციებში, ეს კი თავის მხრივ გააძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოებას.
კიბერკლასის მონაწილეებთან პირველი შეხვედრა ციფრული მმართველობის სააგენტოში უკვე გაიმართა. კიბერკლასში სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული 24 მონაწილე უფასოდ ისწავლის.
სწავლება 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება და კურსის მონაწილეებს კვირაში ორჯერ 2-2 საათის განმავლობაში ციფრული მმართველობის სააგენტოსა და კომპანია ,,გრინნეტის” ტრენერები ჩაუტარებენ ლექციებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს, მიაწვდიან კიბერუსაფრთხოების კონკრეტული თემის შესახებ ძირითადი ინფორმაციას და გადასცემენ სასწავლო რესურსებსა და დავალებებს.
საუკეთესო შედეგების მქონე კურსდამთავრებულებს ექნებათ სტაჟირების შესაძლებლობა ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტში და აგრეთვე კომპანია ,,გრინნეტში”.
პროექტი ციფრული მმართველობის სააგენტოსა და კომპანია ,,გრინნეტის” თანამშრომლობით ხორციელდება.
პირველ შეხვედრას ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი - გიორგი პირველი უძღვებოდა. მონაწილეებმა კიბერუსაფრთხოების საფუძვლები მიმოიხილეს.
ციფრული მმართველობის სააგენტო კომპანია გრინნეტთან თანამშრომლობით აცხადებს კიბერ-კლასში მიღებას.
კიბერ-კლასში სწავლა დაიწყება 15 სექტემბერს და გაგრძელდება 2 თვის მანძილზე. კურსის მონაწილეებს კვირაში ორჯერ 2-2 საათის განმავლობაში ციფრული მმართველობის სააგენტოსა და კომპანია გრინნეტის ტრენერების მიერ ჩაუტარდებათ ლექციები და პრაქტიკული სავარჯიშოები, მიეწოდებათ კიბერუსაფრთხოების კონკრეტული თემის შესახებ ძირითადი ინფორმაცია და გადაეცემათ სასწავლო რესურსები და დავალებები.
სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა კიბერუსაფრთხოების მეთოდოლოგიისა და ორგანიზაციული მოწყობის მოდელი შეისწავლეს
სააგენტოს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე თანამშრომლებმა ავსტრიაში 5 დღიანი სასწავლო კურსი გაიარეს. შეხვედრები ვენაში ავსტრიის ციფრული განვითარებისა და ეკონომიკურ საქმეთა ფედერალურ სამინისტროში გაიმართა.
სასწავლო კურსის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია კიბერსაფრთხეების პრევენციის და მათთან გამკლავების საშუალებების, კიბერუსაფრთხოების მეთოდოლოგიის და ორგანიზაციული მოწყობის შესახებ. განიხილეს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულების ერთიანი პორტალისა და კიბერუსაფრთხოების ყოველწლიური ანგარიშების წარმოების მნიშვნელობა.
შეხვედრები შედგა ავსტრიის ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების სფეროში მოქმედ სხვადასხვა კერძო და საჯარო უწყებების წარმომადგენლებთან. ციფრული მმართელობის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფი სამომავლოდ მონაწილეობას მიიღებს ავსტრიის Cyber Range-ში, რაც ხელს შეუწყობს სააგენტოს თანამშრომელთა უნარების მეტად განვითარებასა და ევროპული პრაქტიკის ათვისებას.
სასწავლო კურსი ავსტრიაში ევროკავშირის პროექტის "კიბერუსაფრთხოების გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა.